17 აპრილი 2024
ლისის ტბა მისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, რომლებიც ზღვის დონიდან 380-600 მეტრამდე მერყეობს, ლისის ტბა, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფლორა, ფაუნით.
ტბის მიდამოებიდან დედაქალაქზე უმშვენიერესი ხედი იშლება.
ზაფხულობით ტბის გარშემო მოწყობილია საზაფხულო კაფეები და სანაყინეები. შეგიძლიათ დაიქირაოთ წყლისა და სტანდარტული ველოსიპედები, ნავი, ამოხვიდეთ როლიკებით, ან მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად.
იმის გამო, რომ ტბის ნაპირები ზომიერად დამრეცია, ზოგ ადგილას ტბაში ბანაობაც შეიძლება. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 28 გრადუსს აღწევს. მოწყობილია სანაპირო ზოლი, სადაც მზის აბაზანების მიღება და გარუჯვაც შესაძლებელია.
ზამთარში ტბის ნაპირი, ზოგჯერ კი მთლიანად ტბა ყინულის საფარით იფარება და ულამაზესი სანახავია. ზოგ შემთხვევაში ყინულის სისქე 30-35 სანტიმეტრს აღწევს. ნებისმიერ სეზონზე შეამჩნევთ აქ სათევზაოდ ამოსულ ადამიანებს. წყლის სპორტითა და თევზაობით გატაცებული ადამიანებისთვის ლისი ქალაქთან ახლოს საუკეთესო ვარიანტია.